Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „თბილისში შესაძლებელია ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა“


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

„მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რაც მოყვა კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის. მივმართავ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებსა და ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი. მინდა მოვუწოდო მათ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი, საერთო ინტერესია, რომ დავუბრუნოთ რეგიონს, სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონომიური უზარმაზარი როლი მსოფლიოსთვის “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მიმართა მინსკის ჯგუფსა და მის თანათავმჯდომარეებს, რომელებსაც, მისი თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ ამ კონფლიქტის მიმართ:

„ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც სასურველი იქნება მხარეებისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირსაც მოუწოდა, ჯეროვანი ყურადღება გამოიჩინოს რეგიონის სამივე ქვეყანის მიმართ, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში არიან ჩართული.

„თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის. მან თავისი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ვითარების დეესკალაციისთვის. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი, სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო ძვირფასი არაფერია, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG