Accessibility links

site logo site logo

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს "საპასუხო ზომები" გაატარა, მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონიდან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქებზე, განჯაზე, ტერტერზე და გორადიზზე.

ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ განჯა - დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე, 330,000-მდე მოსახლიანი ქალაქი - და სამოქალაქო პირებით დასახლებული კიდევ რამდენიმე ადგილი საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან ამჟამად სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ ფუზილის რეგიონში მდებარე ქალაქებზე, ტერტერზე და გორადიზზე. სამინისტრო აცხაებს, რომ აზერბაიჯანის არმია ატარებს "ადეკვატურ საპასუხო ზომებს", თუმცა მათ არ აკონკრეტებს.

სააგენტო "ფრანს პრესი" ადგილზე მყოფ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 4 ოქტომბერს, დილით ადრე მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებები იყო.

ვრცელდება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არტსრუნ ჰოვანისიანის სიტყვები, რომ "აზერბაიჯანის ძალები სტეფანაკერტში სამოქალაქო პირებით დასახლებულ სამიზნეებს რაკეტებს ესვრიან".

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე სოფელი დაიკავა მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე ბრძოლაში. ჰოვანისიანს ეს არ დაუდასტურებია, თუმცა თქვა, რომ მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 3 ოქტომბრის გამოსვლაში შეტევას უპრეცედენტო უწოდა. "ჩვენ, შესაძლოა, ყველაზე გადამწყვეტი მომენტი გვიდგას ჩვენი ათასწლეულის ისტორიაში" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG