Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით 54-ე პაციენტი გარდაიცვალა


COVID-19-ით ქუთაისში დღეს გარდაცვლილი 87 წლის ქალი ქუთაისის კლინიკა „ჰოსპიტალსერვისში“ მკურნალობდა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს შეიყვანა კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში მდებარე ცხელების ცენტრიდან, სადაც ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუდან მოხვდა.

„ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო შესაბამისად აღჭურვილი და დაცული. მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მდგომარეობა იყო, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება იყო შეუძლებელი. დადგა ლეტალური შედეგი. 87 წლის პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი და ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, სადაც არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს „ჰოსპიტალსერვისის“ რეანიმაციულ განყოფილებაში“, - აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

დღეს დილიდან, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან გარდაცვლილია 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 375 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 4619-მდე გაიზარდა.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში ეწერა რომ გარდაცვლილი 92 წლის ქალი იყო, გადამოწმების შემდეგ ინფორმაციაში შევიდა შესწორება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG