Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პატრიარქს: ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო პრეზიდენტი


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.

"თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს, დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქისთვის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.

მისალოც სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ხელში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ხელახლა დაიბადა, როდესაც იგი მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა. პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება ეკლესია-მონასტრების მშენებლობის, რელიგიური განათლების, ეკლესიის წიაღში ქართული კულტურის შენარჩუნება-აღორძინების, დემოგრაფიაზე ზრუნვისა და სხვა მრავალი კუთხით.

„დაუვიწყარია თქვენი გმირობა 2008 წლის ომის დროს, როცა თქვენი მისიის წინააღმდეგ მტერიც კი უძლური აღმოჩნდა და როგორც ჭეშმარიტმა მშობელმა და ჭირისუფალმა ოკუპირებული ზონიდან ჩამოასვენეთ და გააპატიოსნეთ ჩვენი დაღუპული გმირები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვას დიდი ძალა აქვს.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენს დღეგრძელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და გამოთქვა გაკვირვებაც იმის გამო, რომ კათოლიკოს-პატრიარქს აქამდე არ ჰქონია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა საპატიო დოქტორის წოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG