Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს რატომ გადაიფიქრა გადადგომა


ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განმარტა, რატომ გადაიფიქრა გადადგომა, თუმცა თავად გადადგომის მიზეზის დასახელებისგან კლინიცისტი თავს იკავებს.

შეკითხვაზე, რატომ მიიღეთ გადადგომის გადაწყვეტილება და რატომ გადაიფიქრეთ, ცერცვაძე პასუხობს: „ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, რომ მდომებოდა, მაშინვე გავაკეთებდი. მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები. ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები და არ არის იშვიათი სიტუაცია, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ფიქრობს, რომ ხომ არ სჯობს, გადადგეს. რატომ? არ დავაზუსტებ. თუ რატომ შევცვალე გადაწყვეტილება? იმიტომ, რომ ახლა, როდესაც არის შემთხვევების მატება და როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი. რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე“.

ცერცვაძე გადადგომის მცდელობას მთავრობის წევრებთან დაპირისპირებას არ უკავშირებს. მისი თქმით, არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილების შეცვლაზე. „გახარიას შევხვდი და არაერთხელ, მაგრამ მასთან შეხვედრას გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია. ჩემი ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო რაღაც ჩემს მოსაზრებებთან, ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრებები ყველა პროცესთან დაკავშირებით“, - აზუსტებს იმუნოლოგი.

თენგიზ ცერცვაძე იხსენებს კიდევ ერთ გადადგომის მცდელობას, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულ მიზეზს ასახელებს: „მაშინ არ იყო COVID-პანდემია. მაშინ მიზეზი იყო ის, რომ წლების მანძილზე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო ძალინ შევიწროებული და მძიმე მდგომარეობაში. ჩემი წინა მცდელობა გადადგომის მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა“.

იმუნოლოგი ადასტურებს დაპირისპირებას ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შენობის საკითხზე, რაც მაშინდელ გადადგომის მცდელობას უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ. „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა COVID-თან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - თქვა ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG