Accessibility links

logo-print logo-print

ბიშკეკში დემონსტრანტები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თითქმის ცარიელ შენობებში შეიჭრნენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა პრაქტიკულად, არ გაუწევიათ. სამთავრობო შენობაში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტია განთავსებული, ერთ-ერთ სართულზე ხანძარიც იყო.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოების მიხედვით, სამთავრობო შენობაში შეჭრილები ოთახებში ავეჯს ამტვრევდნენ. კედლიდან ჩამოხსნეს და ჩარჩოდან ამოაგდეს პრეზიდენტ ჟეენბეკოვის პორტრეტი.

დემონსტრანტების მოთხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, კორუფციის ბრალდებით 2020 წლის ზაფხულში გასამართლებული ალმაზბეკ ატამბაევი. მას 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი(საარქივო ფოტო)
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი(საარქივო ფოტო)

პატიმრობიდან გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სადირ ჯაპაროვიც და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპარ ისაკოვი.

სამთავრობო შენობებში შეჭრამდე დემონსტრანტები სამართალდამცავებმა დაარბიეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. ყირგიზეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, წუხანდელი შეტაკებების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა.

ბიშკეკის ცენტრში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა წინა დღეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან პარლამენტის მანდატები მიიღო 4-მა - ძირითადად, ყირგიზეთის პრომოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მხარდამჭერმა პარტიებმა.

სპეცრაზმელები ბიშკეკის ცენტრში
სპეცრაზმელები ბიშკეკის ცენტრში

პარლამენტს მიღმა დარჩენილი ძალების მომხრეები ბიშკეკის ცენტრში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ გაყალბებით, ამომრჩევლის მოსყიდვით და სხვა დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. ამავე მოთხოვნით პეტიცია გამოაქვეყნა არჩევნებში მონაწილე 12-მა პარტიამ.

დღეს, 6 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სიტუაციას აკონტროლებს და იმედი აქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია პირად ინტერესებზე მაღლა დააყენებს ქვეყნის ინტერესებს და არ დაუშვებს საზოგადოების დაყოფას.

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი ხმას აძლევს საპარლამენტო არჩევნებში. 2020 წლის 4 ოქტომბერი
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი ხმას აძლევს საპარლამენტო არჩევნებში. 2020 წლის 4 ოქტომბერი

ჟეენბეკოვმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, დეტალურად გამოიკვლიოს სავარაუდო დარღვევები და საჭიროების შემთხვევაში, შედეგები გააუქმოს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

სოორონბაი ჟეენბეკოვმა ოპონენტებს მოუწოდა, შეწყვიტონ მასობრივი არეულობები. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სამთავრობო შენობებში შეჭრა ხელისუფლების ძალით მიტაცების მცდელობად შეაფასა. მისივე განცხადებით, სამართალდამცავებს უბრძანა, ცეცხლი არ გაეხსნათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG