Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" აცხადებს, რომ სომხეთსა და შავი ზღვის პორტებს შორის ტვირთების გადატანა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება


კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „რუსეთის რკინიგზაა“, აცხადებს, რომ ქართული პორტებიდან ტვირთების გადატანა სომხეთში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომპანიის თანახმად, იგი განაგრძობს საქონლის ტრანსპორტირებას ფოთისა და ბათუმის პორტებიდან სომხეთში, როგორც საიმპორტო, ისე საექსპორტო რეჟიმში.

„6 ოქტომბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, რომელიც სომხეთსა და შავი ზღვის პორტებს შორის ტვირთის გადაზიდვის პრობლემებს შეეხებოდა, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ აცხადებს, რომ იგი ახორციელებს საქონლის იმპორტირებას და ექსპორტს საქართველოს რკინიგზის კომპანიასთან პარტნიორობით, დამტკიცებული გრაფიკისა და ტრანსპორტირების განაცხადების შესაბამისად”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე საქართველოს მთავრობამ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო აკრძალა სამხედრო საქონლის სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაზიდვის ნებართვების გაცემა. თბილისი აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის სამოქალაქო საქონლის მიწოდება არ შეჩერებულა და ამ მიმართულებით საქართველო სრულად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 5 ოქტომბერსაც გააკეთა:

„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს ცალსახად არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ“, -განაცხადა ლაშა დარსალიამ. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა მხარეებს არ აჰყვნენ დეზინფორმაციებს საქართველოს გავლით იარაღის გადატანის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG