Accessibility links

ომბუდსმენი და მასთან არსებული უმცირესობების საბჭოები ყარაბაღის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც ყარაბაღის მოვლენებს ეხებიან და აღნიშნავენ, რომ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ცქერა. ამასთან დაკავშირებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები არიან არ დაუშვან ქვეყანაში ეთნოსებს შორის ურთიერთობების დაძაბვა, მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ და იგივე მოითხოვონ ხელისუფლებისგან.

ომბუდსმენი და მასთან არსებული უმცირესობების საბჭოები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

ამ მიმართულებით განცხადების ადრესატები არიან ასევე მედიისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები:

„თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ჩვენთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ესკალაციის ამჟამინდელი ტალღა 27 სექტემბერს დაიწყო.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG