Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი ევროკავშირს ურჩევს რუს ოლიგარქებს აკრძალვები დაუწესოს


კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოდის წინადადებით, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების მიმართ და მათ ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს.

ნავალნიმ, რომელიც გერმანიაში მკურნალობს მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოწამლეს ე.წ. "ნოვიჩოკის" აკრძალული ჯგუფის ქიმიური აგენტით, გერმანიის გაზეთ Bild-ს 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ მთელი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობს. "ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება შესვლის აკრძალვის დაწესება მათთვის, ვინც რეჟიმისგან ხეირს ნახულობს და მათი ქონების გაყინვა" - ამბობს ნავალნი.

მისი თქმით, აკრძალვების სამიზნე უნდა გახდნენ "ოლიგარქები და მაღალჩინოსნები", პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვიდან. "ისინი ფლანგავენ ფულს, იპარავენ მილიარდებს, შაბათ-კვირას მიფრინავენ ბერლინში ან ლონდონში, ყიდულობენ ძვირფას ბინებს და კაფეებში სხედან" - ამბობს ის ინტერვიუში.

ნავალნი ასევე შეეხო გერჰარდ შრიოდერს, გერმანიის ყოფილ კანცლერს, რომელიც ახლა რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების ლობისტია და თქვა, ჩემთვის "ძალიან იმედგამაცრუებელი" იყო შრიოდერისგან იმის მოსმენა, რომ ჩემი მოწამვლის შესახებ "ფაქტები არ ყოფილა წარდგენილიო". ნავალნის თქმით, შრიოდერი დავიდა "პუტინის დავალებების შემსრულებელ ბიჭამდე, რომელიც მკვლელებს იცავს".

ნავალნის ინტერვიუს გამოქვეყნების ფონია გერმანიაში და მის პარტნიორ ქვეყნებსი მიმდინარე დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ კრემლის კრიტიკოსის მოწამვლის ფაქტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG