Accessibility links

კორონავირუსმა ალექსანდრ შოვკოვსკი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში დააბრუნა


ალექსანდრ შოვკოვსკი. 2011 წელი

45 წლის ალექსანდრ შოვკოვსკი შეიძლება უკრაინის ნაკრების კარში კიდევ ერთხელ ჩადგეს. ვეტერანი მეკარე, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ საფრანგეთის ნაკრებთან დღეს გასამართი ამხანაგური მატჩის განაცხადში შეიყვანა.

შევჩენკოს გადაწყვეტილების მიზეზი მოულოდნელი საკადრო პრობლემა გახდა. საფრანგეთში ჩასულმა უკრაინელებმა, წესის თანახმად, ტესტირება გაიარეს და განაცხადში მყოფ სამივე მეკარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა სასწრაფოდ გამოიძახა კიდევ ერთი მეკარე - გეორგი ბუშჩანი, რომელიც კიევიდან პარიზში დღეს ჩაფრინდა, მაგრამ ტესტის პასუხი ჯერ არ მიუღია.

თუ ბუშჩანს თამაშის ნება დართეს, შოვკოვსკი სათადარიგო მეკარე იქნება. კიდევ ერთი დადებითი ტესტის ან ძირითადი მეკარის ტრავმის შემთხვევაში კი მოედანზე გასვლა მოუწევს. ალექსანდრ შოვკოვსკი უკრაინის ნაკრებში 1994-2012 წლებში გამოდიოდა და 92 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG