Accessibility links

ალიევი: ჩვენი ძირითადი მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ.

Euronews-თან ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბერს სომხეთი აზერბაიჯანს თავს დაესხა, კონტრშეტევა კი წარმატებული იყო და აზერბაიჯანმა შეძლო ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ძირითადი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მან წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების განადგურებაში სომხეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა. ალიევის ინფორმაციით, ფაშინიანმა უთხრა, რომ ტერიტორიები აზერბაიჯანს არ დაუბრუნდება და სომხეთს უნდა შეუერთდეს. ილჰამ ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში გაემგზავრა ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებთან შესახვედრად, სომხეთმა კი ამ შეხვედრაზე უარი თქვა, რაც აჩვენებს, თუ ვის სურს მოლაპარაკება.

Euronews-ს ინტერვიუ მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა არაერთ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს. დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG