Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოხატავს ჟენევის 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით, რაც, განცხადების თანახმად, "ერთი მონაწილის არდასწრების" გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. განცხადებაში, კერძოდ აღნიშნულია, რომ ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა:

„მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის საქმიანობს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ახლა ისე, როგორც არასდროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში. მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო გააჩნიათ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას.

„ვგმობთ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოვუწოდებთ მათი მყისიერი გათავისუფლებისკენ. მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

6 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდის ჩაშლაში რუსეთი დაადანაშაულა.

აღნიშნულ ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფუძვლო და პოლიტიზირებული უწოდა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განმარტებით, ჟენევის 6-7 ოქტომბრის მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარებისგან თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო, რაც პანდემიითაა გამოწვეული.

გრაფიკის მიხედვით, 51-ე რაუნდი 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოგვიანებით, მხარეები ახალ თარიღზე, 6-7 ოქტომბერზე შეთანხმდნენ.

ჟენევის დისკუსიების განახლების დროდ ამჯერად დეკემბერი დასახელდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG