Accessibility links

logo-print logo-print

პროკურორმა სასამართლოს მღვდელ კირიონის გამოკითხვის შინაარსი გააცნო


პროკურორი მიხეილ სადრაძე

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორი მიხეილ სადრაძე დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის გამოკითხვის შესახებ ლაპარაკობს.

როგორც ბრალმდებელი ამბობს, მღვდელი კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. „მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

ივერი მელაშვილი ცალსახად აცხადებდა კირიონთან კომუნიკაციის დროს, რომ არ გააჩნდა რელევანტური რუკა, რომელიც საქართველოს რუკებს საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ის ამ რუკას ფლობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. ეს მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ჩვენ გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა", - თქვა სადრაძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, მღვდელმა გამოკითხვისას განმარტა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკები, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთები საქართველოს სასარგებლოდ ჩანდა, თუმცა ივერი მელაშვილმა უარი თქვა აღნიშნული რუკის გამოყენებაზე.

მიხეილ სადრაძე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩევას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG