Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა „კარტოგრაფების საქმეს“ პოლიტიკური ელფერი? - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ოქტომბერს


სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გვიან ღამემდე გაგრძელდა „კარტოგრაფების საქმეზე“ პროცესი საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ილია მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ დაკავებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ილიჩოვასა და მელაშვილის საქმეზე გუშინ 14 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამ დრომდე საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის კომისიის ფარგლებში არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული. ჩადენილი სავარაუდო დანაშაული ოფიციალური პირების მხრიდან საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთთან მიმართებით გახმაურდა და ბევრი ამ საქმეს "დავით გარეჯის საქმედაც" მოიხსენიებს. პროკურატურის ცნობით კი აღმოჩენილია რუკები, რომლებსაც საზღვრის დადგენის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. რა რუკებზეა საუბარი? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სამხედრო დრონები საქართველოში - რა (არ) ვიცით მათზე

7 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანის მცხოვრებმა თემურ კანდელაკმა ჯერ გრუხუნის ხმა გაიგო, შემდეგ - აფეთქების. თემურმა საკუთარ ვენახში იპოვა ის, რაც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენებია. მის ირგვლივ კი დაახლოებით 100 მეტრის ფართობი დამწვარია.

იმავე დღეს აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებმაც იპოვეს საფრენი აპარატი, რომელიც მოულოდნელად ციდან ჩამოვარდა.

დაშავებული არავინ არის, გუშინდელმა დღემ კი ისე ჩაიარა, რომ ისევ არ ვიცით, ვის ეკუთვნოდა საფრენი აპარატები და როგორ მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში კი აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიურ ბრძოლებში არიან ჩართული.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თორნიკე მანდარიამ ჩამოვარდნილი საფრენი აპარატების შესახებ კითხვებით სამხედრო ექსპერტებს მიმართა. წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

ბოლო ოთხი დღეა საქართველოში კლებულობს კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია, დღეს გავიგებთ. გუშინ კი კორონავირუსის 448 შემთხვევა გამოვლინდა. უმეტესობა ისევ აჭარაშია, თუმცა აჭარის მაჩვენებელიც კლებულობს.

დღეისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 66-ია. სამი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა.

ბოლო დროს კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო საქართველო სარისკო ქვეყნების სიაში გერმანიამ შეიყვანა.

წაიკითხე მეტი.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს საქართველოში ჩამოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს საქართველოში ბრუნდება. „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, იგი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. „თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად, ხვალ 17:50-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები“, - წერს მუხთარლი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სახის დაბრკოლება არ შეექმნება.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

წაიკითხე მეტი.

ივანიშვილის განცხადება: ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი რიგ შემთხვევებში 63%-საც კი აჭარბებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ის აფასებს წინასაარჩევნო პროცესში ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს და ასახელებს, მისი მონაცემებით, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი.

„უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“, - წერს ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ ლიდერის სრული განცხადება წაიკითხე აქ.

ლგბტ ორგანიზაციაზე პოლიციის ჰომოფობიური თავდასხმის გამო საქართველომ საქმე წააგო სტრასბურგში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ პოლიცია 2009 წელს ლგბტ ორგანიზაცია ფონდ “ინკლუზივში” ჩატარებული რეიდის დროს განმცხადებლების წინააღმდეგ ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობით გამოირჩეოდა და დაზარალებულებმა ვერ შეძლეს საქართველოში ეფექტიანი გამოძიებით სარგებლობა.

ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბერს, ფონდ “ინკლუზივის" ოფისში 17 პოლიციელის მიერ ჩატარებული რეიდის შესახებ მიმართეს. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში პოლიციელები სპეციალური ფორმისა და სასამართლო განჩინების გარეშე მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, რის დროსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ პირებს, ექცეოდნენ დამამცირებლად, დასცინოდნენ გენდერული იდენტობის გამო და მათ მიმართ იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ავადმყოფი“, “გარყვნილი” და ა.შ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცველების ქმედება იყო ჰომოფობიური/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული.

წაიკითხე მეტი.

ჟურნალისტიკა, როგორც ფრონტის წინა ხაზი - რატომ დაადგინა ქარტიამ "იმედის" ჰოლდინგში ცენზურა

2020 წლის 28 თებერვალს “მაესტროს” სატელევიზო გადაცემა “ბიზნესის” წამყვანი და მთავარი პროდიუსერი ანა ცხოვრებოვა მაყურებლებს დაემშვიდობა და თქვა, რომ ეს გადაცემის ბოლო ეთერი იყო.

გადაცემის დახურვიდან 1 თვეში “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში”, ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ გადაცემაზე მომუშავე გუნდის, ანა ცხოვრებოვას, ნინო კვინტრაძის, მარიამ მჭედლიშვილის, გიგა ბენიასა და ნუცა შუბაშვილის საჩივარი შევიდა. ლალიაშვილი ამ დროს “იმედის” ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე იყო. ჰოლდინგში სამი ტელეკომპანია - “იმედი”, „მაესტრო” და GDS შედის. ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევას ედავებოდნენ. ამ პრინციპის თანახმად, “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას აზრი გამოხატოს ან მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”. გუშინ ქარტიამ "იმედის" ჰოლდინგში ცენზურის არსებობა დაადგინა.

საჩივარს თან დართული ჰქონდა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიკა ლალიაშვილი გადაცემის წამყვანს ურჩევს, დაბალანსებული გაშუქება "დაივიწყოს".

წაიკითხე მეტი.

მთიანი ყარაბაღის „გაყინული კონფლიქტი“, რომელიც სწრაფად „გალღვა“

მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის 27 სექტემბრის ბოლოს დაწყებული ომი პირველი არ არის. ორივე მხარე იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი, ათეულობით სამოქალაქო პირის ჩათვლით. აზერბაიჯანი სამხედროთა შორის მსხვერპლზე ცნობებს არ ავრცელებს. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი უფრო დიდია, რადგან მხარეები მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენების შესახებ იტყობინებიან. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენაში.

საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმონ. 12 ოქტომბერს კონფლიქტის მოგვარებაში შუამავალი ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები, მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს.

დეესკალაციის სურვილი პოლიტიკურ გზავნილებში ერევნიდან და ბაქოდანაც ისმის. 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ასე დახვდა გუშინ საღამოს დინამო არენაზე მისულ საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი. ბელარუსთან გამართული შეხვედრა კი საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ამგვარად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში გავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG