Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის: მიჩიგანში ბრალდება წაუყენეს გუბერნატორის გატაცების მიზნით შეთქმულებაში ეჭვმიტანილებს


მიჩიგანის შტატის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი
მიჩიგანის შტატის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი

აშშ-ის მიჩიგანის შტატში ექვს ეჭვმიტანილს წაუყენეს შეთქმულების ბრალდება გუბერნატორ გრეტჩენ უიტმერის გატაცების მიზნით.

მანამდე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოაცხადა დანაშაულებრივი ჩანაფიქრის გახსნის შესახებ. როგორც აღნიშნავენ, მოტაცების გეგმაზე მუშაობდნენ დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა უიტმერმა წელს მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღო კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. FBI-ის მოჰყავს ერთ-ერთი დაკავებულის სიტყვები, რომ „უიტმერს არ მოეპოვება კონტროლისა და ბალანსის სისტემა, მისი ხელისუფლება უკონტროლოა.“

ამავე დროს გამოძიება აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები აკრიტიკებდნენ მიჩიგანის გუბერნატორის მოქმედებებს, ბუნდოვანია, მათი უკმაყოფილება გამოწვეული იყო თუ არა სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ ამკრძალავ ზომებთან.

შტატის რესპუბლიკელი კანონმდებლები და კონსერვატორი პოლიტიკოსები ერთობ აქტიურად ჩიოდნენ ამ ზომების გამო. მიჩიგანის დედაქალაქ ლენსინგში გაზაფხულზე მრავალი ქუჩის აქცია გაიმართა კარანტინის გამო. მიჩიგანი ერთ-ერთი პირველი შტატი იყო, სადაც ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა. ამისთვის პასუხისმგებლობის ნაწილი გუბერნატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა.

დემოკრატი უიტმერი ასევე აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თავის დემოკრატ მეტოქესთან, ჯო ბაიდენთან პირველი დებატებისას ვერ შეძლო სათანადოდ გაეკიცხა თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფები, ამით ლეგიტიმურობა მიანიჭა მათ მოქმედებებს და თვითონ მათი თანამონაწილე გახდა. თეთრ სახლში გუბერნატორის კომენტარებს „უცნაური“ უწოდეს. არ არსებოს რაიმე მტკიცებულება, რომ ტრამპმა ვინმეს უკანონო ქმედებებისკენ უბიძგა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოტაცების მიზნით შეთქმულებაში ბრალდებულებს გრეტჩენ უიტმერის სახლზე თვალთვალი ჰქონდათ დაწესებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყოველ მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, მიჩიგანის სასამართლომ შვიდ სხვა ეჭვმიტანილს ბრალდება წაუყენა ადგილობრივი კაპიტოლიუმის შენობის შტურმის მცდელობაში „სამოქალაქო ომის გაჩაღების“ მიზნით. მაგრამ, პოლიციის ცნობით, ეს ადამიანები წვრთნას გადიოდნენ უიტმერის მოტაცების მიზნით შეთქმულებისთვის ბრალდებულებთან ერთად და გეგმავდნენ „ძალადობის სხვადასხვა აქტს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG