Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო ვითარება გამოცხადდა


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ქალაქში სამხედრო ნაწილები და სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხედროები საგუშაგოებს მოაწყობენ და აღკვეთენ შეიარაღებულ შეტაკებებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ადგილობრივი დროით 9 ოქტომბრის 20:00 საათზე ამოქმედდება და 21 ოქტომბრის 08:00-მდე გასტანს. ამ პერიოდისთვის ბიშკეკის კომენდანტად დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალმაზბეკ ოროზალიევი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უცნობმა პირებმა ჩაშალეს ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მომხრეთა მიტინგი ბიშკეკის ცენტრში. ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, ატამბაევის მანქანას ესროლეს, როცა ის მიტინგს ტოვებდა. ამ ცნობების ოფიციალური დადასტურება არ მოპოვება.

5 ოქტომბრიდან ბიშკეკში იმართება აქციები. მათი მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელთა თანახმად, გაიმარჯვა პრეზიდენტის მომხრე პარტიამ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გააუქმა კენჭისყრის შედეგები მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტი და სამთავრობო შენობები. დემონსტრანტებმა ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და მისი მომხრეები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გეგმავენ პრეზიდენტ ჟეენბეკოვის ჩამოგდებას და მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნას.

ყირგიზეთში მიმდინარე არეულობების დროს ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, 200-ზე მეტი ჰოსპიტალიზებულია, ერთი დაიღუპა.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ.

წუხელ ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც დამტკიცდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების კანონიერი ხელმძღვანელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG