Accessibility links

ლორან ვოკიე: რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული, არ ასახავს ჩვენს პოზიციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილის ცნობით, ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტმა ლორან ვოკიემ განმარტა, რომ რუკა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მისი სტუმრობისას გადაიღეს, არ ასახავს რეგიონული საბჭოს პოზიციას და არც ის ოფისი განეკუთვნება რეგიონული საბჭოს შენობას.

საქმე შეეხება ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც ჩანს სომხეთის რუკა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის ნაწილი.

საფრანგეთში საქართველოს ელჩისადმი გაგზავნილ საპასუხო კორესპონდენციაში ლორან ვოკიე აღნიშნავს, რომ შეხვდა სომხურ თემს და მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ყარაბაღში დაზარალებული სომეხი ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად. „რუკა, რომელიც ასახულია ფოტოს ფონზე და მდებარეობს ასოციაციის შენობაში, არ განეკუთვნება რეგიონულ საბჭოს და, შესაბამისად, არ ასახავს ჩვენი საბჭოს პოზიციას”, - ნათქვამია საბჭოს პრეზიდენტის წერილში.

მარი ნარჩემაშვილის ცნობით, რუკას აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და შენობაში, სადაც რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სწორედ ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG