Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტი მთავრობის შექმნას ცდილობს, დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მანამდე დემონსტრანტებმა გაათავისუფლეს


ყირგიზეთის პარლამენტის წევრები. 10 ოქტომბერი, 2020 წელი.
ყირგიზეთის პარლამენტის წევრები. 10 ოქტომბერი, 2020 წელი.

ყირგიზეთში პოლიციამ დააკავა ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატანბაევი, რომელიც დემონსტრანტებმა გაათავისუფლეს ამას წინათ საპროტესტო გამოსვლების დროს. ამის ფონზე ყირგიზეთის პარლამენტი ცდილობს, სხდომაზე მიაღწიოს ახალი მთავრობის შექმნას და ქვეყანაში მღელვარება გრძელდება სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

9 ოქტომბერს ბიშკეკში შეტაკებები მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მომხრეებს შორის, კერძოდ, ვინც ატანბაევს უჭერს მხარს და ვისაც ახალი მთავრობის მეთაურად სადირ ჟაპაროვის დანიშვნა სურს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ჟაპაროვის მომხრეებმა ქვები და ბოთლები ისროლეს ატანბაევის და მისი მომხრეების მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს მიმართა შვიდმა ადმიანმა, ორი საავადმყოფოშია. დაშავებულებს შორის არის ვიცე-პრემიერობის პრეტენდენტი ტილეკ ტოკტოგაზიევი.

ბიშკეკის შინაგან საქმეთა უწყების თანახმად, 9 ოქტომბრის აქციაზე ორ პირს ტყვიით მიაყენეს ჭრილობა. მომხდარს იძიებენ.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, ხელი მოაწერა განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რაც, კანონით, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

6,5 მილიონი მოსახლეობის მქონე შუააზიურ სახელმწიფოში არეულობა დაიწყო 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს და როცა გავრცელდა ინფორმაცია ხმების ყიდვის შემთხვევებისა და არაერთი დარღვევის შესახებ.

ოპოზიციურმა ჯგუფებმა მოახერხეს ეიძულებინათ კაბინეტი, გადამდგარიყო, ხოლო საარჩევნო კომისია - გაეუქმებინა შედეგები.

10 ოქტომბერს შეკრებილი პარლამენტარები ცდილობენ მთავრობის შექმნაზე შეთანხმებას და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ჟეენბეკოვის განკარგულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG