Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში პოლიციამ მსვლელობა ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი


მინსკში 11 ოქტომბერს პოლიციამ წყლის ჭავლი, გამაყრუებელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა მასობრივი მსვლელობის მონაწილეთა დასაშლელად. „სიამაყის მსვლელობის“ მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გავიდნენ ქუჩებში.

სოციალურ ქსელებსა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც ჩანს სპეცდანიშნულების რაზმის მძაფრი ქმედება.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს იყო პოლიციის ყველაზე სასტიკი ქმედება დემონსტრანტების წინააღმდეგ. დაკავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს.

ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ათასობით ადამიანმა მოახერხა რამდენიმე ჯგუფად გაევლო ქალაქში. მინსკის ცენტრი, როგორც ჩვეულებრივ, კვირაობით, დაკეტილი იყო.

მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ უფლებადამცავები და „ქარტია-97“-ის აქტივისტები, ასევე ბელარუსი ბლოგერები.

ორგანიზატორების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკვე ორი თვეა, ლუკაშენკას ოპონენტები და მოწინააღმდეგეები ყოველდღიურად დაჟინებით იბრძვიან თავისუფლებისა და საკუთარი უფლებებისთვის, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, დაშალოს და დააშინოს ოპოზიცია.

წინა დღით, 10 ოქტომბერს, მინსკში გაიმართა აქცია „ქალთა მასობრივი დემარში ყვავილებით პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ“. მასში ასეულობით ქალი მონაწილეობდა.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც ოფიციალური შედეგებით, გაიმარჯვა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, 10 ოქტომბერს მივიდა ბელარუსის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში და შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ვიქტორ ბაბარიკას. შეხვედრაზე იყო ასევე ვიქტორ ბაბარიკას შვილი, ედუარდი, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ლილია ვლასოვა, მეწარმე იური ვოსკრესენსკი და პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი.

არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, თუ რაზე ილაპარაკა ლუკაშენკამ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებთან.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში იმართება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელმა მონაწილეები, სხვათა შორის, კენჭისყრის შედეგების გაუქმებას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც პოლიციამ არაერთხელ სასტიკად ჩაახშო, დაკავებულ იქნა ათი ათას ადამიანამდე, მათ შორის არის ათეულობით ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG