Accessibility links

NGO-ები მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს ირაკლი ბებუას აფხაზეთიდან გათავისუფლებაში ჩართვას სთხოვენ


საქართველოში მოქმედი 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს 30 სექტემბერს გალში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლისა და უსაფრთოების დაცვისა და გათავისუფლების პროცესში ჩართვას სთხოვენ.

"ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს... ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ბებია აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავებმა აფხაზური დროშის დაწვის ბრალდებით 30 სექტემბერს დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოში, ის თავად ადასტურებს ამ ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

მას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, რომელიც 1 წლამდე პატიმრობით ისჯება; ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და იარაღის უკანონო შენახვას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ბებუას აღკვეთის ღონისძიებად 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ახლა სოხუმის ციხეშია. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ის დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • პლატფორმა სალამი;
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG