Accessibility links

ბელარუსის შსს დემონსტრანტებს დაემუქრა საბრძოლო იარაღის გამოყენებით


11 ოქტომბრის საპროტესტო მსვლელობის დარბევისას დაშავებულები მინსკში

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მკვეთრად რადიკალური სახე მიიღო და ორგანიზატორები ცდილობენ ქვეყანა დააბრუნონ 90-იანი წლების ქაოსში და აიძულონ, გაიაროს სამწუხარო გზა იმ რესპუბლიკებისა, რომლებმაც „ფერადი რევოლუციები“ გადაიტანეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ გენადი კაზაკევიჩმა მაგალითად მოიყვანა მინსკში 11 ოქტომბერს გამართული აქცია, რომელსაც მისი თქმით, საერთო არაფერი ჰქონდა სამოქალაქო პროტესტთან. კაზაკევიჩის განცხადებით, დღისით სამართალდამაცვებს ქვებს, ბოთლებს და დანებს ესროდნენ, ღამით კი ბარიკადების აგება და საბურავების დაწვა დაიწყეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აქციაში მონაწილეობდნენ „ბოევიკების, რადიკალების, ანარქისტების და ფეხბურთის ფანატიკოსების ჯგუფები“.

„ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებ, ჩვენ არ წავალთ ქუჩებიდან და ქვეყანაში წესრიგს უზრუნველვყოფთ. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები და შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ სპეცსაშუალებებს და საბრძოლო იარაღს“, - განაცხადა გენადი კაზაკევიჩმა.

11 ოქტომბერს, ბელარუსის შსს-მ მინსკში, „სიამაყის მარშის“ მონაწილეთა ძალით დასაშლელად რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენა. საპასუხოდ, დემონსტრანტებმა მილიციელებს და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. დაშავდა ათეულობით ადამიანი. მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების 500-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო აქციები გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების, გამარჯვებულად გამოცხადებული ლუკაშენკას გადადგომის და ხელახალი არჩევნების მოთხოვნებით.

ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალას იყენებს. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იძულებული გახდა ბელარუსი დაეტოვებინა. 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგი არ აღიარეს ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG