Accessibility links

logo-print logo-print

ვოლსკი: პირველად ვხედავ, მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს


გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის 2 წევრის დაკავების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაოცებულია იმ აქტივობით, რომელსაც ამ მიმართულებით ადვოკატები და პოლიტიკოსები მიმართავენ:

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა იცავდეს არა კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფის ინტერესს, არამედ სახელმწიფოს ინტერესს:

„ეს არის აქსიომა და, გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

8 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG