Accessibility links

logo-print logo-print

ანგარიში: COVID-19-ს იყენებენ ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის საბაბად


ინტერნეტის თავისუფლება უკვე მეათე წელია იკლებს, ამჯერად უკვე იმ ფონზე, რომ მსოფლიოს გარშემო მთავრობები კორონავირუსის პანდემიას იყენებენ საბაბად ონლაინ თვალთვალისთვის, საპროტესტო ხმებზე ზეწოლისთვის და საზოგადოების კონტროლის მიზნით ახალი ტექნოლოგიების შექმნისთვის, - ვკითხულობთ ორგანიზაცია Freedom House-ის ახალ ანგარიშში.

ვაშინგტონში განთავსებული ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში "თავისუფლება ნეტში" 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ათობით ქვეყნის მთავრობებს COVID-19 მოაქვთ საბაბად საიმისოდ, რომ "გაამართლონ თვალთვალის მექანიზმების გაფართოება და იმ ახალი ტექნოლოგიების ამოქმედება, რომლებიც უწინ [მოქალაქეების ცხოვრებაში] ზედმეტ შეჭრად იყო აღქმული". ამის შედეგად, ინტერნეტის თავისუფლება გაუარესდა ანგარიშში განხილული 65 ქვეყნიდან 26-ში, უკეთესობა მხოლოდ 22 სახელმწიფოში აღირიცხა.

ორგანიზაციის თანახმად, ინტერნეტის მომხმარებელი 3,8 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 20 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ინტერნეტი თავისუფალია.

ყველაზე მასშტაბური უკანსვლა აღინიშნა მიანმარში, ყირგიზეთში, ინდოეთში, ეკვადორსა და ნიგერიაში.

ინტერნეტის თავისუფლება მეოთხე წელია უარესდება აშშ-ში, წელს მას მაქსიმალური 100 ქულიდან 76 ქულა აქვს მინიჭებული.

საქართველო ანგარიშში შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით დაწინაურდა - წელს მას Freedom House-მა მაქსიმალური 100 ქულიდან 76 ქულა მიანიჭა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 75 ქულა იყო.

"ციფრული თავისუფლება საქართველოში ზოგადად დაცულია. თუმცა, ამ პერიოდში აღირიცხა რამდენიმე გამოწვევა, რომლებიც უკავშირდებოდა კიბერთავდასხმების გახშირებას და ქვეყნის შიგნით შინაარსის მანიპულაციას. ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, თუმცა ხელისუფლების ძალისხმევა, გაეფართოებინა საინტერნეტო ინფრასტრუქტურა, შეჩერებულია", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ზოგადი შეფასების სახით, Freedom House-ის პრეზიდენტი, მაიკლ აბრამოვიცი ამბობს, რომ პანდემია აძლიერებს საზოგადოების დამოკიდებულებას ციფრულ ტექნოლოგიებზე, იმ ფონზე, როცა ინტერნეტი სულ უფრო და უფრო ნაკლებად თავისუფალი ხდება. "პირადი ცხოვრების და კანონის უზენაესობის ადეკვატული დამცავი მექანიზმების გარეშე, ეს ტექნოლოგიები ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური რეპრესიების მიზნით", - ამბობს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG