Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ტრამპს უმოქმედობაში დასდო ბრალი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაქვეყნა განცხადება მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით.

„ღრმად შეშფოთებული ვარ 10 ოქტომბრის საზავო შეთანხმების ჩაშლისა და ბრძოლის განახლების გამო მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. დრონებს, ნაღმსატყორცნებსა და მძიმე არტილერიას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლება ფრონტის ხაზის ორივე მხარეს და ათასობით სამოქალაქო პირს ადგილნაცვალ პირად აქცევს“, წერს ბაიდენი.

მან აშშ-ის ადმინისტრაციას ბრალი დასდო უმოქმედობასა და ინიციატივის რუსეთისთვის გადაცემაში.

„აუხსნელი მიზეზების გამო ტრამპის ადმინისტრაცია მნიშვნელოვანწილად პასიურია და განზე დგას ამ უკანასკნელი ესკალაციის პერიოდში. 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან არც პრეზიდენტ ტრამპს, არც სახელმწიფო მდივან პომპეოს არცერთხელ არ დაურეკავთ ტელეფონით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ცეცხლშია გახვეული. იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური [ინიციატივა] მოსკოვს დაუთმოს, [აშშ-ის] მთავრობა უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული უმაღლეს დონეზე, რათა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდეს ბრძოლების დეესკალაცია და ორი მხარის დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, ტრამპმა უნდა უთხრას აზერბაიჯანს, რომ არ მოითმენს მის მცდელობას, სამხედრო გზით გადაწყვიტოს ეს კონფლიქტი. ამავე დროს, მან სომხეთს უნდა განუმარტოს, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიები ვერ იქნება სამუდამოდ ოკუპირებული და რომ საჭიროა კონფლიქტის ხანგრძლივი დარეგულირებისთვის მოლაპარაკებების გამართვა, როგორც კი მიღწეული იქნება ზავი.

ამავე დროს, ბაიდენის თქმით, აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ანკარისთვის „ენის მოჩლექა“ და თურქეთსა და ირანს უნდა მოსთხოვოს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში.

„დიპლომატიური გამოსავლის პოვნა იოლი არ იქნება, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულია, მოსინჯოს ეს. ეს მან უნდა გააკეთოს სასწრაფოდ, სანამ მეტი ადამიანი დაიღუპება და კონფლიქტი გაფართოვდება“, წერს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი თავის განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა.

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ ცნობების გამო, რომ მთიან ყარაბაღში გრძელდება აგრესია. ჩემი გული მათთანაა, ვინც ახლობელი ადამიანები დაკარგა“, წერს ჰარისი. მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს საზავო შეთანხმება, შეწყდეს კონფლიქტში თურქეთისა და ირანის ჩარევა, ადგილზე გაიგზავნოს მეთვალყურეები, განახლდეს მოლაპარაკებები და გამოიძებნოს პრობლემის ხანგრძლივი მოგვარების გზები. „ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია სასწრაფოდ მოქმედება“, დასძენს კამალა ჰარისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG