Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა დარეგისტრირდა


ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტმა „ვექტორმა“ დაარეგისტრირა კორონავირუსის მეორე ვაქცინა რუსეთში. ის, ისევე როგორც პირველი პრეპარატი, კლინიკური გამოცდის მესამე სტადიის გავლამდე დაარეგისტრირეს. იმის შესახებ, რომ პრეპარატი მზადაა, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

ვაქცინას ეწოდა „EpiVacCorona“. ინსტიტუტი, რომელშიც მასზე მუშაობენ, ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად დაარსდა, მაგრამ ამჟამად „როსპოტრებნადზორს“ ექვემდებარება. ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ უკვე აიცრა ახალი ვაქცინით.

ივლისში გამოცემა The Bell-ი აღნიშნავდა, რომ „ვექტორი“ რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის შექმნის ორიდან ერთ-ერთი პრეტენდენტია.

მეორე დაწესებულებაა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრი. ამ ინსტიტუტმა თავისი ვაქცინა „Sputnik V“ აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატმა მესამე, მასობრივი კლინიკური გამოცდის გარეშე გაიარა რეგისტრაცია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მესამე სტადიის გამოცდის გარეშე პრეპარატის რეგისტრაცია და მასობრივად გამოყენება ადამიანებზე სარისკო ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს.

ვარაუდობენ, რომ „EpiVacCorona“-ს გამოცდაში 40 ათასამდე პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. მთლიანობაში მსოფლიოში მიმდინარეობს 36 ვაქცინის კლინიკური შემოწმება. ორმა მწარმოებელმა, Johnson & Johnson-მა და Eli Lilly-მ შეაჩერეს გამოცდა. ერთ შემთხვევაში პაციენტს უცნობი თანმდევი დაავადება აღმოაჩნდა. მეორე კი, როგორც იტყობინებიან, „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ აიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG