Accessibility links

საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადის“ ლიდერებს პატიმრობა მიესაჯათ


"ოქროს განთიადის" წევრთა სასამართლო.

საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადის“ ლიდერებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯათ. „ოქროს განთიადი“ ერთ დროს ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალა იყო.

განაჩენი ოთხშაბათს გამოიტანა ათენის სააპელაციო სასამართლომ. ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ბანდის წევრობაში, რომელიც პასუხისმგებელია ზიზღის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პარლამენტის ექვს ყოფილ დეპუტატს, რომელთა შორისაა „ოქროს განთიადის“ ხელმძღვანელი ნიკოს მიხალოლიაკოსი. კიდევ რამდენიმე დეპუტატს მიუსაჯეს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. როგორც როიტერსი წერს, მიმდინარე კვირაში სასამართლო გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა, რომ რომელიმე ეს სასჯელი პირობითი იყოს.

„ოქროს განთიადის“ საკვანძო ფიგურები 2013 წელს დააპატიმრეს პარტიის მომხრის მიერ ანტიფაშისტი რეპერის, პავლოს ფისასის მკვლელობის შემდეგ. მისმა სიკვდილმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და პროტესტი გამოიწვია მთელს ქვეყანაში. პარტიის წევრთა სახლებში ჩატარდა ჩხრეკა. პოლიციამ აღმოაჩინა უკანონო იარაღი და ნაცისტური დროშები.

დღეს „ოქროს განთიადი“ არ არის წარმოდგენილი საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG