Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთმა დატოვა კონსულტაციები 2014 წელს დონბასში ჩამოვარდნილი მალაიზიის „ბოინგის“ თაობაზე


რუსეთმა დატოვა სამმხრივი კონსულტაციები 2014 წლის ივლისში დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგის“ (რეისი MH17) ჩამოვარდნის თაობაზე, რომელშიც მასთან ერთად ნიდერლანდი და ავსტრალია მონაწილეობდნენ. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ნიდერლანდმა ივლისში ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა „ბოინგის“ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ ეს შეაფასა როგორც სურვილი, „ცალმხრივი წესით გაგრძელდეს დონბასის ცაში მომხდარისთვის პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრება“.

განცხადებაში კვლავ უნდობლობაა გამოხატული საერთაშორისო გამოძიების დასკვნების მიმართ, რომელთა თანახმად, „ბოინგი“ ჩამოგდებულია სარაკეტო სისტემა „ბუკით“, რომელიც უკრაინის დონეცკის რეგიონში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილიდან იქნა შეტანილი.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ღრმა სინანული გამოხატა რუსეთის გადაწყვეტილების გამო. მისი სიტყვებით, ნიდერლანდი ემხრობა მოლაპარაკებების გაგრძელებას, მაგრამ ამასთან არაა თანახმა, უარი თქვას სხვა მეთოდებზე კატასტროფის საქმის თაობაზე სამართლიანობის მისაღწევად.

ნიდერლანდმა და ავსტრალიამ ადრე რუსეთს მოუწოდეს, აღიაროს „ბოინგის“ კატასტროფაში თავისი პასუხისმგებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG