Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდინფიცირებული ამერიკელი ჩოგბურთელი რუსეთიდან გაიქცა


ამერიკელი ჩოგბურთელი სემ კუერი, რომელიც საკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირს COVID-19-ის დადებითი ტესტის გამო გამოაკლდა, რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით გაიპარა.

Tennisnow.com-ის ცნობით, მსოფლიოს რეიტინგში 49-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელი სანკტ-პეტერბურგში მეუღლესა და რვა თვის ვაჟთან ერთად იყო ჩასული, მაგრამ ტურნირის წინ ტესტირებამ ოჯახის სამივე წევრს კორონავირუსი დაუდგინა. სემ კუერი ოჯახთან ერთად ერთ-ერთ სასტუმროში გაუშვეს თვითიზოლაციაში, ადგილობრივმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კი სპორტსმენი გააფრთხილეს, რომ წინ კიდევ ერთი ტესტირება იყო და თუ მისი პასუხიც დადებითი აღმოჩნდებოდა, მათ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. სავარაუდოდ, სწორედ შესაძლო ჰოსპიტალიზაციამ შეაშინა კუერი და რუსეთიდან გაპარვა გადააწყვეტინა. კერძო თვითმფრინავი დაიქირავა და გაფრინდა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ოღონდ რომელში, ამაზე არავინ არაფერს ამბობს.

სემ კუერის თავისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, სპორტული კუთხითაც შეექმნება სერიოზული პრობლემა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) უკვე დაადასტურა, რომ სანკტ-პეტერბურგის ტურნირისას სპორტსმენმა სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია და ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. მართალია, ATP-ს ჩოგბურთელის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ყველამ ივარაუდა, ვინც იგულისხმა. თუ კუერის სანკტ-პეტერბურგიდან მალულად გაქცევა დადასტურდა, სპორტსმენს სამ წლამდე დისკვალიფიკაცია ან ასი ათას დოლარამდე ოდენობის ფინანსური ჯარიმა ელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG