Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიხიაშვილი ამბობს რომ მელიას ოფისთან აქციას დედაღვთისმშობლის დავალებით მართავს


ირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი

ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ „ქართულმა მარშმა“, რომელიც რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და კენჭს იყრის საპარლამენტო არჩევნებში, აქცია გამართა ნიკა მელიას ოფისთან. „ქართული მარშის“ წევრებმა ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის ოფისის მისამართით ცოცხები ისროლეს. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ ჰომოფობიური შინაარსის ტრანსპარანტები.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ მას აინტერესებს, ნიკა მელიასგან მოისმინოს პასუხი, უწოდა თუ არა „მარშის“ წევრებს რუსეთუმეები?

„ტვ პირველის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, ვისი დავალებაა ამ აქციის გამართვა, შიხიაშვილმა ასე უპასუხა: „დედაღვთისშობლის, 6 500 მოწამე გარეჯელი ბერის და წმინდა მამა დავით გარეჯელის, იმიტომ, რომ მათი შთამომავლები ვართ“.

შიხიაშვილმა დაამატა: „მოვედი კითხვისთვის, ნიკა მელიასთან და მაინტერესებდა, კაცს, რომელსაც ხელი არ მოუწერია ტერიტორიების ჩუმად გაყიდვაზე, ეყოფოდა თუ არა ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისი, რომ გამიჯვნოდა მათ, ვინც სამშობლოს მიწა და სიწმინდე გაუყიდეს. მე კი არა მარტო, თქვენც და მასაც“.

პოლიციამ „მარშის“ წევრებს მელიას ოფისთან მიახლოების საშუალება არ მისცა. არც ნიკა მელია გამოჩენილა „ქართული მარშის“ წევრების მოთხოვნის შემდეგ.

შიხიაშვილი ამბობს, რომ „ქართული მარში“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებით დაამთავრებს „ქართულ ოცნებას“.

ორშაბათიდან ულტრანაციონალისტური გაერთიანება აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ და როგორც თავად ამბობენ, „მათი ანასხლეტების“ ოფისების ბლოკირებას.

ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ყოფილი მმართველი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მალევე ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. 2014-2016 წლებში შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი იყო.

2020 წლის ივლისში ირაკლი შიხიაშვილი პარტია „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG