Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში არ წყდება საბრძოლო მოქმედებები


მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიის“ მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით აგრძელებს სარაკეტო-საარტილერიო იერიშებს და შეტევას ჩრდილოეთის მიმართულებით. პრესსამსახურის თანახმად, ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას „თავდაცვის არმიის“ სამხედრო ნაწილები აკონტროლებენ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები უტევენ გორანბოის, ტერტერის, აგდამის და აგჯაბადინის რაიონებს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ღამით, სომხურმა ძალებმა გააქტიურება სცადეს ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, თუმცა, ყველა მცელობა აღიკვეთა, მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს და აზერბაიჯანი უპირატესობას ინარჩუნებს ფრონტის მთელ ხაზზე.

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე გასულ კვირაში, მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა.

მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG