Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ტერორისტის მიერ მოკლული მასწავლებლის ხსოვნას



18 ოქტომბერს პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ახალგაზრდა ექსტრემისტის ხელით მოკლული სკოლის მასწავლებლის, სამუელ პეიტის ხსოვნას.



დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ დიდი პლაკატები წარწერით: „არა, ტოტალიტარულ აზროვნებას“ და „მე მასწავლებელი ვარ“.


„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ჩვენი მობილიზება, სოლიდარობა და ეროვნული ერთიანობა“, - უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა.


სოლიდარობის აქცია გაიმართა ასევე ლიონში, ტულუზაში, ლილში, სტრასბურგში, ნანტსა და ბორდოში.

ისტორიისა და გეოგრაფიის 47 წლის პედაგოგი, სამუელ პეიტი 16 ოქტომბერს სიცოცხლეს გამოასალმა საფრანგეთში მოსკოვიდან ემიგრირებულმა წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულაჰ ა-მ.

მკვლელობის მიზეზად სახელდება სამუელ პეიტის მიერ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენება გაკვეთილზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნებოდა.


თავდამსხმელი პოლიციამ პარასკევს, დაკავების დროს მოკლა.
მანამდე მან მოასწრო თავის ტვიტერში მოკლული მასწავლებლის სურათის განთავსება და პასუხისმგებლობა აიღო მომხდარ დანაშაულზე, რომელმაც შეძრა საფრანგეთი.


პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს უწოდა „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“.


პოლიციამ მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე 11 კაცი დააკავა. მათ შორის არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები და, ასევე, ერთ-ერთი ისლამისტი ექსტრემისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG