Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმებს ესაჭიროებათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა და გაგება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ისევ თავდაუზოგავად მუშაობენ და როცა საუბარია შეფერხებებზე, საზოგადოებისგან ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და გაგება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო დახმარების ექიმების მუშაობის 24-საათიანი სტატისტიკა წარმოადგინა - ბინებიდან კლინიკებში გადაყვანილია 226 პაციენტი, კარანტინის ზონებიდან კლინიკებში - 19, ბინიდან კარანტინში - 78, კლინიკებიდან კარანტინში - 26 და კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში - 82. ექიმებმა მიიღეს 318 ცხელებიანი პაციენტი და მათგან 25 კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს. ტიკარაძის თქმით, ყველანაირად ცდილობენ, რომ პაციენტები მინიმალურად დააყოვნონ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სისტემას სოციალურ ქსელებში აქტივობაც ეხმარება იდენტიფიცირებაში იმ პრობლემებისა, რომელთა გამოვლენა ვერ ხერხდება ცხელი ხაზებით.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კადრები დაემატა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, რომელსაც 40%-იანი ჩამორჩენა ჰქონდა და ამ კვირაში მოგვარდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზის ხარვეზიც.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, იზრდება რაოდენობა იმ კლინიკებისა, რომელთა ოჯახის ექიმები მეთვალყურეობენ ბინაზე მყოფ, მსუბუქსიმპტომებიან პაციენტებს. თავდაპირველად კლინიკების რიცხვი 25-დან 66-მდე გაიზარდა, ამ კვირაში კი 9 კლინიკა დაემატება თბილისში, 3-3 სამეგრელოსა და იმერეთში და 1 მცხეთაში. ტიკარაძის თქმით, ოჯახის ექიმებს, უბნების მიხედვით, მონიტორინგზე ეყოლებათ 3-დან 5 პაციენტამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG