Accessibility links

ბაიდენი და ტრამპი მიმართავენ შტატებს, რომლებშიც წინა არჩევნების სურათის შეცვლის იმედი აქვთ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა 18 ოქტომბერი ქვეყნის სხვადასხვა კიდეში გაატარეს - დაესწრნენ საეკლესიო მსახურებებს და მიმართეს ამომრჩეველს შტატებში, რომლებშიც ოთხი წლის წინ მათმა მოწინააღმდეგე პარტიებმა გაიმარჯვეს.

ტრამპი, რომლის კამპანიაც ინტენსიურ ფაზაშია და დასავლეთის შტატებსაც მოიცავს, ორ შეხვედრაზე გამოჩნდა ნევადაში და ამ შეხვედრებს შორის კალიფორნიაშიც ჩავიდა. რესპუბლიკელი პრეზიდენტი, რომელსაც მიმდინარე თვეში კორონავირუსის ინფექცია ჰქონდა, ცდილობს აღადგინოს დაკარგული დრო. 19 ოქტომბერს ის არიზონაში გააგრძელებს კამპანიას. ეს ტურნე ტრამპმა 18 ოქტომბერს დაიწყო, ლას ვეგასში მდებარე საერთაშორისო ეკლესიიდან და კიდევ რამდენიმე გაჩერების შემდეგ ჩავიდა ნევადაში, სადაც 2004 წლის შემდეგ რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ აურჩევიათ.

ბაიდენი, რომელიც აღმსარებლობით კათოლიკეა, თავის მშობლიურ შტატ დელავერში დაესწრო საეკლესიო მსახურებას და შემდეგ კამპანია გააგრძელა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, სადაც დემოკრატს 2008 წლის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია საპრეზიდენტო არჩევნებში.

ორივე კანდიდატმა მომხრეებს მოუწოდა, ხმა ადრე მისცენ, ისევე, როგორც ეს უკვე გააკეთა 28 მილიონამდე ამერიკელმა. ადრეული კენჭისყრის ამ სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლის მიზეზია შეშფოთება, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შესაძლოა კორონავირუსი გავრცელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG