Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჯაფაროვი ამბობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტად კენჭი იყაროს


ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სადირ ჯაფაროვი ამბობს, რომ არჩევნებზე პრეზიდენტად იყრის კენჭს, თუ პარლამენტარები დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას ამის საშუალებას მისცემს.

"პარლამენტი ამჟამად მუშაობს ცვლილებებზე, რომლებიც უნდა შევიდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კანონებში. თუ ეს შესწორებები უფლებას მომცემს, კენჭი ვიყარო [საპრეზიდენტო] არჩევნებში, ამას გავაკეთებ. მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - უთხრა ჯაფაროვმა, რომელიც გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გახდა, ტელეარხ Rossia-24-ს, 19 ოქტომბერს გადაცემულ ინტერვიუში.

ამჟამად კონსტიტუცია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ პირს უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კონსტიტუციის შეცვლას შესაძლოა ეროვნული რეფერენდუმი დასჭირდეს.

ჯაფაროვი, რომელიც ყოფილი ნაციონალისტი პარლამენტარია და დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიტიკური მეტოქის გატაცებაში, პარლამენტარებმა 14 ოქტომბერს აირჩიეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ქვეყანაში შექმნილი მღელვარებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს. საპროტესტო ტალღის გამო გადადგნენ პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და სხვა მაღალჩინოსნები.

ჟეენბეკოვის გადადგომას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ათასობით დემონსტრანტი ითხოვდა - ისინი აცხადებდნენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც გამარჯვება პრეზიდენტის მომხრე პარტიებს მიენიჭა, მასობრივად იყო გაყალბებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG