Accessibility links

logo-print logo-print

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ისევ შეცვალა


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მკაცრ კრიტიკას და მუქარას საკადრო ცვლილებით უპასუხა - ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე დღის წინ არჩეული ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოი ბრიტანელი მაიკ ირანით შეცვალა.

გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ IOC პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღების შესაძლებლობას განიხილავს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი IWF-ის მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება შეიქნა: ფედერაციის სახელდახელოდ შეკრებილმა აღმასრულებელმა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა ამერიკელი ურსულა პაპანდრეა, პრეზიდენტის მოვალეობის ახალ შემსრულებლად კი ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოეი დაინიშნა, რომელიც კორუფციულ სქემაში ფიგურირებდა ჯერ კიდევ ტამაშ აიანის პრეზიდენტობის დროს.

უნგრელი ტამაშ აიანი წლეულს, იანვარში გადადგა, ოცწლიანი მმართველობის შემდეგ. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება დოპინგ-სინჯების გადამალვასა და საპრეზიდენტო არჩევნებისას ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებული სკანდალები და IOC-თან ურთიერთობის გაფუჭება.

აიანი IWF-მა ურსულა პაპანდრეათი ჩაანაცვლა და თითქოს ოლიმპიურთან ურთიერთობაც სასიკეთოდ შეიცვალა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ პაპანდრეა ერთი კვირის წინ გადააყენა, ახლა კი, მორიგი მუქარის შემდეგ, ისევ უკან დაიხია.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, წლეულს გაიმართება, ოღონდ რომელ თვესა და რიცხვში, ჯერ არავინ იცის. არჩევნების თარიღი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის შემსუბუქების შემდეგ უნდა გამოაცხადონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG