Accessibility links

ალიევს საქართველოც მოჰყავს აზერბაიჯანელების და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საფუძველი შექმნილია ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ. „ეს არის დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, კომუნიკაციის გახსნა და აზერბაიჯანული და სომხური თემების ერთად ცხოვრება, რაც მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და საერთოდ, ადამიანურ მორალს“, - უთხრა ალიევმა რუსულ სააგენტო „ტასს“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, როცა სომხეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი ლაპარაკობდა სომხების და აზერბაიჯანელების ეროვნულ შეუთავსებლობაზე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენებდა თავის ფაშისტურ არსს: „რატომ შეუძლიათ აზერბაიჯანელებს და სომხებს რუსეთში ერთად იცხოვრონ, საერთო ბიზნესი და შერეული ოჯახები ჰქონდეთ? საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. რატომ ცხოვრობს აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ღირსეულად, როგორც ჩვენი მოქალაქეები? ამიტომ, მსგავსი ფაშისტური თეზისები მოგვარებას ხელს არ უწყობს“.

ილჰამ ალიევის განცხადებითვე, მზად არის კონფლიქტის მოსაგვარებლად სომხეთთან მოლაპარაკებისთვის, რადგან აზერბაიჯანს მშვიდობა სურს, მაგრამ იმავდროულად სურს საკუთარი, კანონიერი ტერიტორიები.

ამავე სააგენტოსთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვში შეხვდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარების პირობა უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხის გადაწყვეტა. სომხეთის პოზიციაა, რომ ყარაბაღს თვითგამორკვევის უფლება აქვს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უკვე იმსხვერპლა ასეულობით ადამიანი. არ სრულდება აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 10 ოქტომბერს, მოსკოვში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG