Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეა მეტრეველი: სესხის გადამხდელუნარიანი აღარ არის ჩვენი მოსახლეობა


დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

საარჩევნო სუბიექტის, „ლელო-მამუკა ხაზარაძის“ წარმომადგენლის, დეა მეტრეველის განცხადებით, როდესაც ქვეყანას აქვს გამართული საბანკო სისტემა ეს ძალიან კარგია და საქართველოს ამ მხრივ ნამდვილად აქვს საქმე საამაყოდ, თუმცა მოსახლეობა ეკონომიკურ სიდუხჭირეშია და მათ სესხის გასტუმრების საშუალება აღარ აქვს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ კითხვაზე, რას უპასუხებდა ოპონენტების არგუმენტებს მაღალი საბანკო პროცენტებისა და ბანკების მიერ მოსახლეობის "გაყვლეფის" შესახებ, მან განაცხადა, რომ მოსახლეობის დაბალ გადამხდელუნარიანობაში დამნაშავე ხელისუფლებაა:

„სესხის გადამხდელუნარიანი აღარ არის ჩვენი მოსახლეობა. ამაში დამნაშავე უპირველეს ყოვლისა არის ხელისუფლება და ის პოლიტიკა, ის მავნებლური პოლიტიკა, რომელიც მათ წლებია აწარმოეს. მოსახლეობა სრულად გააღარიბეს და მაქსიმალურად მიაბეს სოციალურ დაცვაზე და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე. ამიტომაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ეკონომიკაში სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება“, - განაცხადა დეა მეტრეველმა, რომლის თქმითაც, საბანკო პროცენტებს ეროვნული ბანკი ადგენს:

„მოსახლეობას, ვისაც არა აქვს შეიძლება ასე დეტალურად ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ქვეყანაში საბანკო პროცენტებს ადგენენ არა ინდივიდუალურად ბანკები, არამედ ეროვნული ბანკი და სხვა საფინანსო სახელმწიფო ინსტიტუციები“, - განაცხადა დეა მეტრეველმა "დილის საუბრებში".

დეა მეტრეველი "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი და საარჩევნო სუბიექტის, "ლელო-მამუკა ხაზარაძის" პარტიული სიის მე-16 ნომერია. "ლელო საქართველოსთვის" 2019 წელს "ლელომ", "შენების მოძრაობამ" და "ახალმა მემარჯვენეებმა დააფუძნეს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG