Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადაირჩინა თავი ეკლესიად გარდასახულმა ფიტნესკლუბმა


პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მდებარე ფიტნესკლუბმა, რომელსაც აქამდე Atlantic Sports Fitness-ი ერქვა, ორიგინალური გზა გამონახა საიმისოდ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბიზნესი არ შეაჩეროს. მან რებრენდინგი მოახდინა და „ჯანსაღი სხეულის ეკლესია“ დაირქვა.

კომპანიის მენეჯერმა მარტა იამროჟმა ფეისბუკში დაწერა, რომ ვინაიდან ფიტნესკლუბში ვარჯიში იკრძალება, მისი წევრების შეკრებებს ამიერიდან რელიგიური ხასიათი ექნება, თუმცა კლუბი ძველებურად გააგრძელებს სპორტულ საქმიანობას.

ფიტნესკლუბის მწვრთნელებს კი აწი „უხუცესთა საბჭოს“ წევრებად მოიხსენიებენ.

ეს იძულებითი გარდასახვა კლუბმა განიცადა მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირაში გამოაცხადა ახალი ამკრძალავი ზომების შესახებ. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მატებასთან ერთად, მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისა და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

როგორც Gazeta Wyborcza იტყობინება, ახალი განკარგულებით, ე.წ. წითელ ზონაში, რომელსაც კრაკოვიც განეკუთვნება, ფიტნესკლუბები და საცურაო აუზები უნდა დაიხუროს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბანკის მიხედვით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკაში, პოლონეთში ვირუსის ახალმა დადასტურებულმა შემთხვევებმა დღეში 10 ათასს მიაღწია. მაშინ, როცა ზაფხულში ეს მაჩვენებელი არასოდეს აჭარბებდა ათასს.

მაგრამ ახალი ამკრძალავი ზომები არ ვრცელდება „წითელ ზონაში“ საეკლესიო შეკრებებზე, თუკი მონაწილეები დადგენილ დისტანციას დაიცავენ.

Atlantic Sports Fitness-ის ხელმძღვანელობამ რეგულაციის ამ პუნქტში კომპანიის გადარჩენის შანსი დაინახა.

„ყველაფერი კანონის მიხედვით ხდება“, წერდა იამროჟი, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია შეკრებების ხასიათი და მონაწილეთა შორის მანძილი.

მისი თქმით, „ჩვენგან არავის სურდა ამის დაჯერება“, როცა ახალი მკაცრი ზომები გამოცხადდა და საფრთხე შეექმნა ფიტნესკლუბის წევრთა ჯანმრთელობას და კლუბის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კლუბი „ყველა სანიტარიულ წესს“ იცავს.

„თუ ვინმეს არ სურს კლუბში მოსვლა, ნუ მოვა!“, წერს იამროჟი. „მაგრამ რატომ უნდა დაიხუროს ადგილები, სადაც ხალხი ჯანმრთელობასა და ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნავს და ყველა სანიტარიულ წესს მისდევს?! ჩვენ არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ვიბრძვით! ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის! ჩვენი სამუშაო ადგილებისთვის!“

გამოკვლევები მოწმობს, რომ პანდემიის პერიოდში ფიტნესკლუბები კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა, მიუხედავად მკაცრი ჰიგიენური ზომებისა.

როგორც ექიმმა სუზენ ჰესიგმა განუცხადა Business Insider-ს, ფიტნესკლუბებში სიარული „საშუალოდან მაღალი რისკის“ შემცველი მოქმედებაა.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ამ დარგს და მთელი რიგი კომპანიების გაკოტრება გამოიწვია.

ხელახლა შემოღებული ამკრძალავი ზომების პირობებში, ამ დარგში მომუშავე კომპანიები იძულებული არიან, გამომგონებლობით გადაირჩინონ თავი. ტარდება ვირტუალური მეცადინეობა, შეკრებები დამცავ ბუშტებში და სხვ. მაგრამ პოლონური ფიტნესკლუბი, როგორც ჩანს, პირველია, რომელიც გარდაისახა ეკლესიად, სადაც ზრუნავენ არა იმდენად სულის, რამდენადაც ხორცის და სამუშაო ადგილების ხსნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG