Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც გაგრძელდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მეზვრიშვილმა თქვა, რომ ვრცელდება ცრუ ცნობები, თითქოს, საწოლების რაოდენობა არასაკმარისია და „ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან“.

ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სახელით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, ტყუილია და, ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს: „მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით“.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, ამჟამად ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ 11 033 პაციენტს და თვითიზოლაციაში მყოფ 21 703 მოქალაქეს ექიმები ზედამხედველობენ: „გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, როცა კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და ერთეული შემთხვევების გამო, პანიკას არ ავყვეთ“.

მეზვრიშვილის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საავადმყოფოები გამოყენებული იყოს მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებებიც აქვთ.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა, რომელიც პირველივე დღიდანვე უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო, საზოგადოების ყოველდღიურად ინფორმირებით შეეცდება, არ დაუშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელება: „დამერწმუნეთ - არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა გზა არ არის - თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით და ამისი არანაირი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები მოდიან და ამ ტრიბუნიდან ყვებიან. ეს სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით“.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საზოგადოებას მიმართავს, ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოს ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეპიდემიოლოგები ამბობენ.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1351 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 21 208 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 337 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9003.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 172 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG