Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი პენსილვანიაში მუშათა კლასის ხმების მოპოვებას ცდილობს, ბაიდენი დებატებისთვის ემზადება


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განაგრძობს საარჩევნო კამპანიის მარათონს, მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა კი საჯარო ღონისძიებებიდან ორი დღე აიღო ამ კვირაში დანიშნული სატელევიზიო დებატების წინ.

არჩევნების დღემდე ორი კვირა რჩება. ტრამპმა 20 ოქტომბერს კიდევ ერთი შეხვედრა გამართა პენსილვანიის შტატში, სადაც მან 2016 წელს შეძლო თეთრკანიანი, მუშათა კლასის წარმომადგენელი ამომრჩევლის დემოკრატებისგან გადაბირება. პენსილვანიას განიხილავენ ერთ-ერთ აუცილებლად მოსაგებ შტატად მისი ხელახალი არჩევისთვის. გამოკითხვებით, ტრამპი ამ შტატში ბაიდენს დაახლოებით 3.7 პროცენტით ჩამორჩება, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, გავრცელებული მოლოდინით, წარმატებას მოიპოვებს ფილადელფიასა და მის შემოგარენში.

ძველ ინდუსტრიულ ქალაქ ირიში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპი ნაცნობ თემებს შეეხო, თავი მოიწონა საკუთარი მიღწევებით და გამოვიდა გაფრთხილებით იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც, მისი შეფასებით, დემოკრატების გამარჯვება მოიტანს. "საუკეთესო პერიოდი წინაა", - განაცხადა ტრამპმა თავისი შესაძლო მეორე ვადის შესახებ და დასძინა: "ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებას, გამარჯვებას, გამარჯვებას".

20 და 21 ოქტომბერს ბაიდენი ღონისძიებებს არ ატარებს, თუმცა თავისი კამპანიის ფარგლებში მან ამ შტატში ინტენსიურად იმოგზაურა. შტატის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბაიდენის გუნდი ამბობს, რომ პენსილვანიაში 21 ოქტომბერს კამპანიას სათავეში ჩაუდგება ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, შაბათ-კვირას კი კამპანიის ღონისძიებებს მემარცხენე დემოკრატებს შორის პოპულარული ფიგურა, სენატორი ბერნი სანდერსი ითავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG