კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა არ გაფართოვდება და მასში სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ შეიყვანენ.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ საბჭო, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს და კონკრეტული პასუხისმგებლობა აკისრია, ქმედითი უნდა იყოს: „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე ფორმით საბჭო გახდეს არაქმედითი“.
20 ოქტომბერს 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული განცხადება, რომელშიც საუბარია საბჭოს ფორმატის გაფართოების აუცილებლობაზეც.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ საბჭო არ არის ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ბევრი პლატფორმა აკავშირებთ და მათ რეკომენდაციებსაც მაქსიმალურად ითვალისწინებენ. მეზვრიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორს შეუძლია წვლილი შეიტანოს საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებსა და ინფექციონისტებს აერთიანებს.
დაწერეთ კომენტარი