Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Conflict Intelligence Team: აზერბაიჯანის მხარეს მთიან ყარაბაღში სირიელი დაქირავებული მეომრები იბრძვიან


აზერბაიჯანელი სამხედრო ქალაქ ჯაბრაილში
აზერბაიჯანელი სამხედრო ქალაქ ჯაბრაილში

დაქირავებული მეომრები სირიიდან მონაწილეობენ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში აზერბაიჯანის მხარეს, თუმცა ბაქო უარყოფს კონფლიქტში მათ მონაწილეობას. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა 21 ოქტომბერს საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა (CIT).

სოციალური ქსელებით ადრე გავრცელდა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებიც შეიძლება სავარაუდო დაქირავებულმა მეომრებმა თვითონ გამოაქვეყნეს. კადრში ისმის არაბულ ენაზე საუბარი, მეომრებს აცვიათ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო ჯარების ფორმა და ჯავშანჟილეტები, რომლებსაც ქვეითი ჯარი იყენებს ამ ქვეყანაში.

როგორც Conflict Intelligence Team-ის ექსპერტები ამტკიცებენ, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ვიდეოები შეიძლებოდა გადაღებულიყო ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს.

კერძოდ, სირიელი დაქირავებული მეომრები იმყოფებიან ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე, სადაც ბოლო დღეებში მძაფრი ბრძოლები იყო დასახლებულ პუნქტ ჰადრუთისთვის.

ადრე ყარაბაღის კონფლიქტში სირიელი დაქირავებული მეომრების მონაწილეობის შესახებ იტყობინებოდა საერთაშორისო მედიაც. Washington Post-ის რეპორტაჟით, მთიან ყარაბაღში დაიღუპა, სულ მცირე, 50 სირიელი მეომარი, რომლებიც აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ სომხურ ძალებთან შეტაკებისას.

თურქეთი და აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფენ სომხური ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში სირიელი დაქირავებულების მონაწილეობას. თუმცა ბრძოლებში მათ მონაწილეობაზე განცხადებები გააკეთეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბარში პუტინმა „გამოხატა სერიოზული შეშფოთება საბრძოლო მოქმედებში ახლოაღმოსავლელი მებრძოლების მონაწილეობის გამო“.

27 სექტემბერს განახლდა ბრძოლა აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის და მიმდებარე ტერიტორიისთვის, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებენ ერევნის მხარდაჭერით. აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

ბაქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი. სომხეთი რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია. მხარეებს შორის რუსეთის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დარღვევაში ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამხედრო მოქმედებები გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG