Accessibility links

ჩეხეთში კვლავ "ლოკდაუნის" რეჟიმი შემოიღეს


პრაღის ცნობილი კარლის ხიდი, რომელზეც ჩვეულებრივ ხალხმრავლობაა ხოლმე.

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ამკრძალავი ზომების პაკეტი, რომელიც გამიზნულია ქვეყნის კვლავ მკაცრ საკარანტინო რეჟიმში გადასაყვანად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის სარეკორდო ზრდის ფონზე.

21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო ობიექტები და ადამიანების გადაადგილება შეიზღუდება გარდა ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილებებისთვის, როგორიცაა სამსახური, ოჯახი, სურსათი. აკრძალვები 3 ნოემბრამდე გასტანს.

„პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ“, განაცხადა ბაბიშმა და დასძინა, რომ ამკრძალავი ზომები 22 ოქტომბრიდან შედის ძალაში.

20 ოქტომბერს ჩეხეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ 11984 შეადგინა, რაც რეკორდია 10,7-მილიონიანი ქვეყნისთვის.

გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც და 1619-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთი კვირის განმავლობაში 464-ით იმატა. საავადმყოფოები ამცირებენ ჩვეულებრივი საქმიანობის მასშტაბებს და მეტ საწოლებსა და პერსონალს უთმობენ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

ჯანდაცვის მინისტრ რომან პრიმულას თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობის პიკი 11 ნოემბრისთვისაა მოსალოდნელი.

პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, იან ჰამაჩეკმა, რომელიც ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრიცაა და პანდემიასთან ბრძოლის ლოგისტიკური ძალისხმევის საკოორდინაციო კრიზისულ კომიტეტს უდგას სათავეში, 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა COVID-19-ის ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG