Accessibility links

logo-print logo-print

ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი უაზრობაა


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბარი უაზრობაა. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ჩვენი შემდგომი მოქმედებები - ესაა ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხის უფლებებისთვის,“ თქვა მან პირდაპირი ვიდეოჩართვისას თავის გვერდზე ფეისბუკში. ფაშინიანმა ქალაქის მერებს მოუწოდა, ორგანიზება გაუკეთონ მოხალისეთა რაზმებს, მოსახლეობას კი მიმართა, „ხელში აიღონ იარაღი“.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, ფაშინიანის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ერევანს არ სურს მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარება.

ფაშინიანის განცხადება გაისმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ის შეხვდება ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი მოსკოვში ჩავიდნენ მოლაპარაკებებისთვის. იქ ისინი ცალ-ცალკე შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ისაუბრეს.

მსოფლიოს ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ბაქომ და ერევანმა 21 ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გააკეთეს განცხადებები. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ბრძოლებში დაიღუპა 800-ზე მეტი სომეხი სამხედრო. აზერბაიჯანი არ აქვეყნებს საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG