Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია


ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული ცნობები, რომ ავთანდილ გალდავამ, რომელიც ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლა, თავდამსხმელს ფული მიუტანა.

ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.

„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და ამ ტერიტორიიდან მიიმალა.

ბანკზე თავდასხმისას შეიარაღებულ პირს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი ეცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG