Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხაშავრია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი, სხვანაირ რეაქციას მივიღებდით


ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

პარტია „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ“-ს წევრი, საარჩევნო სიის მესამე ნომერი და თბილისის ნაძალადევის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას სამართალდამცავები ალბათ სხვაგვარად დაგეგმავდნენ, რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ პირველად მოხდა, როდესაც თავდამსხმელის მოთხოვნები შესრულდა:

„ვვარაუდობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პირველი იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და სულ რაღაც 9 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და მეორე იმიტომ, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს არ ძალუძთ და არ აქვთ გამოცდილება ასეთ შემთხვევებში იმოქმედონ იმგვარად რომ მძევლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაზიანდეს და მათი უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. „მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - აღნიშნა მან "დილის საუბრებში".

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული ცნობები, რომ ავთანდილ გალდავამ, რომელიც ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლა, თავდამსხმელს ფული მიუტანა.

„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და ამ ტერიტორიიდან მიიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG