Accessibility links

აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა და ირანმა ამომრჩევლებზე ინფორმაცია მოიპოვეს


ჯონ რეტკლიფი

ირანმა და რუსეთმა მოიპოვეს ინფორმაცია ამერიკელ ამომრჩევლებზე და 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.


„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამომრეჩველეთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა ირანმა, და, ცალკე, რუსეთმა“, - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნებისმიერი უცხო ქვეყანა, რომელიც არჩევნებში ჩაერევა, აშშ-ისგან საკადრის პასუხს მიიღებს, - განაცხადეს ჯონ რეტკლიფმა და აშშ-ის FBI-ის დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ და დასძინეს, რომ მიუხედავად ირანისა და რუსეთის მცდელობისა, ამერიკელები დარწმუნებული უნდა იყვნენ აშშ-ის საარჩევნო პროცესში.

რეტკლიფის თანახმად, ირანი, რომელიც ცდილობს ზიანი მიაყენოს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას, ამომრჩევლებს დაშინების მიზნით ყალბ ელექტრონულ წერილებს უგზავნის. კერძოდ, ირანი პასუხისმგებელია იმ მუქარის წერილებზე, რომლებიც ამომრჩეველს დაუგზავნეს ოთხ შტატში, მათ შორის, ფლორიდასა და პენსილვანიაში.

მუქარის ელექტრონული წერილებით, თითქოსდა, ულტრამემარჯვენე "ამაყი ახალგაზრდები" ემუქრებიან ამომრჩეველს, რომ „ყველას მიაკითხავენ“, თუ ხმას არ მისცემენ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.

უცნობია, თუ როგორ მოიპოვა ირანმა ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია - ჰაკერული გზით, თუ კრიმინალური ქსელების მეშვეობით.
ამასთან ამომრჩეველთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია აშშ-ში ღიაა.


აშშ აღნიშნავს, რომ რუსეთი მსგავს მოქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. მიუხედავად ამის, „ჩვენთვის ცნობილია, რომ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია რუსეთმაც მოიპოვა ზუსტად ისე, როგორც 2016 წელს“, - აღნიშნავს რეტკლიფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG