Accessibility links

NDI საქართველოში არჩევნებს აკვირდება და დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისტანციური შეფასების მესამე ფაზას იწყებს. NDI დააკვირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები და კამპანიის გარემო, მედია და დეზინფორმაცია და გენდერი და ინკლუზიურობა. ინსტიტუტი საარჩევნო პროცესებზე კორონავირუსის გავლენასაც შეისწავლის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ანგარიში, რომელსაც ინსტიტუტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოამზადებს, დაეფუძნება NDI-ის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულ დოკუმენტს (Georgia Election Watch) და გრძელვადიანი ანალიტიკოსების საქმიანობას, რომლებიც საარჩევნო გარემოს სექტემბრის შუა რიცხვებიდან აკვირდებიან. ამ მომენტისთვის, მათ სხვადასხვა მხარეებთან უკვე 200 შეხვედრა გამართეს.

არჩევნების დისტანციური შეფასების ჯგუფს ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უიტმანი, NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი და არჩევნების პროგრამების დირექტორი სარა კუპერი უხელმძღვანელებენ. დისტანციურ შემფასებელთა ჯგუფი პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებს, კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებში, კენჭისყრის დღეს იმაზე გაცლებით ნაკლები საერთაშორისო მეთვალყურე დააკვირდება, ვიდრე წინა, 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მიზეზი Covid 19-ის პანდემია და მის გამო მოქმედი უსაფრთხოების ნორმებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG