Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელია ბრალდებებზე: გამტაცებელი მორალურად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა


"საქართველოს ბანკში" გამტაცებლის ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ მისთვის მისი გამტაცებელი უფრო მაღლა დგას მორალურად, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მისი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე უსვამდა ხაზს. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.

"ამაზე თვითონ მძარცველმაც გაამახვილა ყურადღება, როდესაც ნახა, საინფორმაციო გამოშვებაში რომ მე ვიყავი მერიის ყოფილი თანამშრომელი და "ნაციონალური მოძრაობასთან" მქონდა რაღაც კავშირი. ჩამეკითხა, მართლა ვიყავი თუ არა მერიის თანამშრომელი წინა მთავრობის დროს და როცა დავუდასტურე, მითხრა, შენ მაგარ შარში ხარ, ძმაოო, ამათ როგორ დაუძვრები, მაგრად დაგერხაო... ეს გამტაცებელი მორალურად უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგან ერთია, როცა ვიღაცა ფეისბუქზე პოსტს დებს და მეორეა, როცა ოფიციალური პირები აკეთებენ კომენტარს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

გუშინ, როცა კვარაცხელია რამდენიმე წუთის გათავისუფლებული იყო, "ქართული ოცნების" ლიდერი "იმედის" ეთერში ჩაერთო, სადაც წინა ხელისუფლებასთან სავარაუდო კავშირებზე საუბრობდა.

"ფაქტებზე ვილაპარაკოთ. არანაირი ეჭვი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც პოსტიდან გავიგე, მართალია თუ არა, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ. ყოველ შემთხვევაში იწერება ეს, რომ გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ნიკა გვარამია იცნობს... აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია - დავარქვათ ამას დამთხვევა. ეს დამთხვევა არის მართლა თუ არ არის ეს მერე ვარჩიოთ მომდევნო დღეებში... მე 1 %-ს და 10 %-ს იმასაც ვუშვებ, რომ დამთხვევა იყოს", - ამბობდა მდინარაძე.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG