Accessibility links

ჩეხეთში ერთ დღე-ღამეში COVID-19-ის მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე მთელი პირველი ტალღის დროს


ჩეხეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტემპით, ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით შემოიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები. ისინი პრაქტიკულად ანალოგიურია იმისა, რაც ქვეყანაში მოქმედებდა გაზაფხულზე - სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ საპატიო მიზეზებით, დაიხურა მაღაზიებისა და მომსახურების სფეროს ბიზნესების უმრავლესობა, ასევე სასწავლო დაწესებულებები. გაზაფხულისგან განსხვავებით, ამჟამად ქვეყნის საზღვრები არ ჩაუკეტავთ.

უკანასკნელ დღე-ღამეში ჩეხეთში სარეკორდოდ მაღალი იყო ახალი ინფიცირებულების რაოდენობა - დაახლოებით 15 ათასი შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე მთელი გაზაფხულის პერიოდის განმავლობაში. მთავრობა გეგმავს საგანგებო ვითარების გაგრძელებას 3 ნოემბრამდე. ამავე დროს მან მოიწონა ჩეხეთში სამხედრო ექიმების ჩაყვანა ევროკავშირიდან და ნატოდან.

ხელისუფლებამ უკვე მიიღო ზომები, სამედიცინო სასწავლებლების უფროსი კურსების სტუდენტთა მობილიზების შესახებ. ასევე აქტიურად იწვევენ მოხალისეებს საზოგადოებიდან იმ შემთხვევისთვის, თუკი ეპიდემიის გამწვავების პირობებში მედპერსონალის დეფიციტი გაჩნდება.

პრაღის მერმა, ზდენეკ ჰრჟიბმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში პრაღის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწყებს მუშაობას მოხალისედ. ჰრჟიბს სამედიცინო განათლება აქვს, მაგრამ საექიმო პრაქტიკას არ ეწეოდა. ის საავადმყოფოში ორი კვირა იმუშავებს. პრაღაზე მოდის ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1%.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინი შემოიღეს ირლანდიაშიც. ზოგ ქვეყანაში ამკრძალავ ზომებს აწესებენ ადგილობრივ დონეზე. მაგალითად, საფრანგეთის უდიდეს ქალაქებში კომენდანტის საათი მოქმედებს ღამის საათებში. დაავადებულთა რიცხვის ზრდა პრაქტიკულად მთელს ევროპაში აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG